logo
ENG



"აღიარება და ზიანის ანაზღაურება" - ხასაია-ჩიქობავას შესაძლოა აღკვეთის ღონისძიება შეუცვალონ

30 იან 202414:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/30/41seny81s3r29sg.png

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას, შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალონ. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ რუსთავი 2-ს განუცხადა და თქვა, რომ პატიმრობის შეცვლას იმ შემთხვევაში მოითხოვს, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ.

"გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი.

იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე", - განაცხადა პროკურორმა რუსთავი 2-თან

23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

გამოსახლების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯამში, 20 ადამიანი დააკავეს. ჩიქობავას და ხასაიას სისხლის სამართლის კოდექსით ედავებიან, 18 ადამიანი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურა ჩიქობავასა და ხასაიას აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებაში ადანაშაულებს. სასამართლომ ორივე პატიმრობაში დატოვა. 


close დახურვა